ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მობილიზაციის ასაკის მამაკაცების უკრაინაში იძულებითი დაბრუნება არ განიხილება, რადგან ეს დროებითი თავშესაფრის მინიჭების წესებს ეწინააღმდეგება
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მობილიზაციის ასაკის მამაკაცების უკრაინაში იძულებითი დაბრუნება არ განიხილება, რადგან ეს ეწინააღმდეგება დროებითი თავშესაფრის მინიჭების წესებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
მან განმარტა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, გამოიყენოს დიფერენცირებული მიდგომა უკრაინის მოქალაქეების მიმართ, რომელთაც მოითხოვეს ევროპაში დროებითი თავშესაფარი მათი ასაკის, სქესის და სამხედრო მოვალეობის მიხედვით.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, შეუძლია თუ არა ევროკავშირი დაეხმაროს უკრაინას უცხოეთიდან თავისი სამხედრო სამსახურის ასაკის მამაკაცების დაბრუნებაში, იოჰანსონმა უპასუხა, რომ ევროკავშირის ტერიტორიიდან იძულებით არავის გააძევებენ.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, ვისაც სურს დაბრუნდეს უკრაინაში, ჩვენ არავის გავასახლებთ ევროკავშირიდან“, – აღნიშნავს ევროკომისარი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, გადახედონ მიდგომები მობილიზაციის ასაკის უკრაინელი მამაკაცების მხარდაჭერის კუთხით, რათა წაახალისონ ისინი, რომ უკრაინაში დაბრუნდნენ. ამ იდეის მხარი დაუჭირა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამაც.