ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა.
სააგენტო „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა.
ევროკომისრის თქმით, ყოველწლიურად ევროკავშირი რუსეთიდან 155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. მისი განმარტებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან ყატარიდან გეგმავს, 10 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტს არსებული მილსადენებიდან, ხოლო 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით ჩანაცვლდება.
ამასთან, ბრეტონის განცხადებით, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობის განახლებაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება.
ევროკომისრის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა ყველაფერს ევროპის დასაყოფად და ახლა იმავეს გაზის გამოყენებით ცდილობს.
„ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი წარუმატებელი ვაქცინა Sputnik-ით. მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩარეულიყო ჩვენს დემოკრატიებში Russia Today-ის დახმარებით და ახლა ის იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად“, – განაცხადა ბრეტონმა.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ უკვე შეუწყვიტა გაზის მიწოდება ევროპის ხუთი ქვეყნის წამყვან კომპანიებს, რომლებმაც უარი განაცხადეს რუსეთის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსულ რუბლებში გადაეხადათ.