ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიღებაში დახმარების შესაძლებლობებს განიხილავენ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებაში დახმარების შესაძლებლობებს განიხილავენ.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანა პისონარო ერნანდესმა დღეს გავრცელებული წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომელშიც ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიას მოუწოდეს, გაამარტივოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიღების მექანიზმი.
„ვადასტურებთ, რომ მივიღეთ წერილი 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისგან და ჩვენ მათ პასუხს აუცილებლად გავცემთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდა, რომ სწავლობდა გზებს, რომლითაც დავეხმარებით დასავლეთ ბალკანელ პარტნიორებსა და ჩვენს აღმოსავლეთ მეზობლებს. განვიხილავთ მხარდაჭერას ჰუმანიტარულ კონტექსტშიც. ეს დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმაც. ეს სამუშაო გრძელდება და ვეძებთ ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზებს. ვმუშაობთ საერთაშორისო და ევროპულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მულტილატერალურ მიდგომას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინების დისტრიბუცია. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივა კოვაქსს, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი.
დამატებით, თქვენთვის ცნობილი რომ ევროკავშირის ვაქცინების სტრატეგია აძლევს საშუალებას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, გასცეს მისთვის კუთვნილი ვაქცინის დოზების ნაწილი. ევროკავშირში ახლა მიმდინარეობს მექანიზმის შემუშავება, რათა ხელი შეუწყოს ვაქცინების დონაციისა და ხელახლა გაყიდვის პროცესს. დისკუსია გრძელდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.