ბრიუსელში ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის მაღალი დონის პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში, რომელსაც ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი ხელმძღვანელობდნენ, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრმა ექვსმა მინისტრმა და 13-მა ევროკომისარმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამდე გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიება მოიცავდა გაფართოებული ფორმატის შეხვედრას დელეგაციების ხელმძღვანელებისა და ყველა წევრის მონაწილეობით ასევე, პარალელურ თემატურ სესიებს, რომლებშიც შესაბამისი დარგის მინისტრებმა და ევროკომისრებმა მიიღეს მონაწილეობა.
„გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში მიმდინარე შიდა განვითარებებზე. ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა საქართველოს უწყვეტ ძალისხმევას ქვეყნის მოდერნიზაციისა და დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც კომპლექსური რეფორმების გატარებაში აისახება. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე, მათ შორის საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის გზით.
ორივე მხარე მიესალმა მაღალი დონის ფორმატში შეხვედრას, როგორც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკის ლოგიკურ შედეგს. შეხვედრაზე დაფიქსირდა სურვილი და მზაობა სექტორული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამ მიზნით, მონაწილეებმა განიხილეს რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათვე ინფორმაციით, გაფართოებული შეხვედრის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთეს განცხადებები პრესისთვის. მათ დადებითად შეაფასეს შეხვედრა. მათ შორის აღინიშნა ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ინსტიტუციების გაძლიერებასა და თავსებადობას ევროპულ პრაქტიკასთან; ქართული ექსპორტის ხელშეწყობა ევროკავშირის ბაზარზე, რისთვისაც მხარეებმა განიხილეს კონკრეტული გეგმის შემუშავების შესაძლებლობა; განათლების რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში, რაც გულისხმობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მეტ მობილობას; აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის გაძლიერება, რომელიც ევროკავშირის ინოვაციურ პროექტს წარმოადგენს და პირველად საქართველოში განხორციელდა; „გონივრული სპეციალიზაციის“ სისტემის დანერგვა საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებაში; მართლმსაჯულების სისტემის შემდგომი გაძლიერება, რისთვისაც ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა; სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო კავშირების გაღრმავება კონკრეტული პროექტების რეალიზაციის გზით, ევროპული სტანდარტების საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის განვითარება და ა.შ.
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკომისრებს ძალზე ნაყოფიერი შეხვედრისთვის. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროკომისრების დიდი რაოდენობის მონაწილეობას, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსი შეუქცევადია, ქვეყანა აგრძელებს ევროპული დღის წესრიგის თანმიმდევრულ რეალიზაციას, მათ შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღევანდელი მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ფუნქციურად კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ევროკავშირთან, რაც ქვეყანას დაეხმარება მიაღწიოს ევროკავშირთან თავსებადობის მაქსიმალურად შესაძლო ხარისხს. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავებასთან დაკავშირებით.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ ევროკომისრებმა და მინისტრებმა სამი თემატური ჯგუფის ფარგლებში გამართეს პარალელური სესიები.
თემატური ჯგუფები განაწილდა შემდეგი სფეროების მიხედვით: 1. ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები; 2. განათლება, მეცნიერება, ინოვაციები და კულტურა; 3. მართლმსაჯულება და შიდა უსაფრთხოება, სამოქალაქო დაცვის ჩათვლით.
შეხვედრებზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს კონკრეტული წინადადებები, რომლებიც თანამშრომლობის მომავალ განვითარებაზეა ორიენტირებული და ითვალისწინებს მოსახლეობისთვის ხელშესახები სარგებლის მიღებას კონკრეტულ სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 97 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ხელი მოეწერა ასევე დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2018 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე. ევროკავშირის დახმარების 2018 წლის სამოქმედო გეგმა უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბებით და ითვალისწინებს საქართველოსთვის 134 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას