ევროკომისიას იტალიაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბების სჯერა
ევროკომისიას იტალიაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბების სჯერა

ევროკომისია დარწმუნებულია, რომ იტალიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება შესაძლებელია. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარგარიტის სხინასმა განაცხადა. როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირს სჯერა, რომ იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა სტაბილური მთავრობის ფორმირების დაჩქარებას შეძლებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ იტალიის პრეზიდენტს მატარელას შესწევს უნარი, დააჩქაროს სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება. ამჟამად იტალიას ჰყავს მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჯენტილონი ხელმძღვანელობს და რომელთანაც ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ევროსკეპტიკური პარტიების წარმატების შესახებ დასმულ შეკითხვის პასუხად ევროკომისიის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

იტალიის საპარლამენტო არჩევნებში ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონის პარტიის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხმათა 37%-მდე მიიღო. ბერლუსკონის პარტიის ბლოკში ულტრამემარჯვენე „ჩრდილოეთის ლიგა“ შედის.

მეორე ადგილზე ევროსკეპტიკური მოძრაობა „ხუთი ვარსკვლავია“, რომელსაც ამომრჩეველთა თითქმის 31%-მა დაუჭირა მხარი. მესამე ადგილს ხმების 24%-ით მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია იკავებს.