ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა
ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.
ევროკომისიის ცნობით, ამგვარად, უნგრეთს შეუძლია, ქვეყნის განვითარებისთვის 10,2 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტების ანაზღაურება მოითხოვოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე მიიღო, რომელზეც გაფართოების საკითხი განიხილება. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ წევრობის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას დაბლოკავს.
ევროკომისიაში უარყოფენ, რომ უნგრეთისთვის გაყინული თანხების განბლოკვა ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლის მიზნით მოხდა. ევროკომისიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იყო უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში შეტანილი ცვლილებების პასუხი.
იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი დიდიე რეინდერსი აცხადებს, რომ უნგრეთის ამჟამინდელი რეფორმები სრულად შეესაბამება შეთანხმებულ მოთხოვნებს.
„ჩვენ მივიღეთ საკმარისი გარანტიები, რათა ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უნგრეთში გაძლიერდა“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ევროკავშირს უნგრეთისთვის განკუთვნილი 22 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა აქვს გაყინული კორუფციასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.