ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა
ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა

ევროკომისიამ თავდაცვის ინდუსტრიის ახალი სტრატეგია წარადგინა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან 2025-2027 წლამდე პერიოდში 1,5 მილიარდი ევროთი დაფინანსდება, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ახალი სტრატეგია მოუწოდებს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, კოლექტიურად შეიძინონ თავიანთი თავდაცვითი აღჭურვილობის, სულ მცირე, 40 პროცენტი.

ევროკომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიული მზადყოფნის გასაზრდელად წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ მეტი, უკეთესი, ერთობლივი ევროპული ინვესტიცია.

„ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის პროგრამა არის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გადაგვიყვანს მოკლევადიანი, კრიზისზე რეაგირების რეჟიმიდან უფრო სტრუქტურულ და გრძელვადიან მიდგომაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისია ასევე ცდილობს, დაეხმაროს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიას, უკეთ მოემზადოს არსებული და პოტენციური გამოწვევებისთვის, როგორიცაა დიდი რაოდენობით საარტილერიო საბრძოლო მასალის მოთხოვნის მკვეთრი ზრდა.