ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ სამხედრო მობილობასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა წარადგინეს.
გეგმა 2025 წლიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვის კავშირის შექმნას ემსახურება.
აღნიშნული გეგმა ევროკავშირის ფარგლებში და მის გარეთ სამხედრო მობილობის გაუმჯობესებასა და ხელშეწყობას მოიცავს. კერძოდ, კრიზისული სიტუაციების პრევენციის მიზნით, სამხედრო ძალებისა და ევროკავშირის მისიის განლაგებას დამაბრკოლებელი ფაქტორების გარეშე.
„ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია შეიარაღებული ძალების გადაადგილების პროცედურის გამარტივება, როგორც ეს განსაზღვრულია ერთობლივ კომუნიკაციაში, ევროკავშირში სამხედრო მობილობის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალური სტრატეგიის თანახმად. წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მთელი რიგი ღონისძიებების სერიას ფიზიკური და პროცედურული ან მარეგულირებელი ბარიერების დაძლევის მიმართულებით, რაც ხელს უშლის სამხედრო მობილობას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო კავშირი და ერთობლივი მუშაობა ამ გეგმის განხორციელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება“, – წერია ევროკომისიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის მშვიდობის ხელშეწყობა და უსაფრთხოება ევროგაერთიანების უმთავრესი პრიორიტეტია.
„ევროკავშირის საზღვრებში სამხედრო მობილობის გამარტივების შედეგად, ჩვენი მოქმედება კრიზისული სიტუაციების პრევენციის, სწრაფი რეაგირებისა და ჩვენი მისიის განლაგების მიმართულებით ბევრად ეფექტური იქნება. ეს იქნება მორიგი ნაბიჯი მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ პარტნიორ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთად ვაწარმოებთ“, – განაცხადა მოგერინიმ.
2017 წლის 10 ნოემბერს ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის ნატო-ს არაწევრი, ასპირანტი შვედეთი, ფინეთი და კვიპროსი შეთანხმდნენ თავდაცვაში მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) პლატფორმის ამოქმედებაზე. ევროკავშირისა და ალიანსის თანამშრომლობის ფარგლებში, PESCO ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი სპეცოპერაციების ჩატარებას.