ევროკომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო „მოდერნას“ წარმოების ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა.
ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი, მათ „ევროპის წამლის სააგენტოს“ რეკომენდაცია გაითვალისწინეს და „მოდერნას“ ვაქცინა ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაამტკიცეს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ შემდეგ მეორე ვაქცინაა, რომელსაც ვირუსთან საბრძოლველად ევროკავშირში გამოიყენებენ.
დღესვე „ევროპის წამლის სააგენტომ“ „მოდერნას“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა. ვაქცინაციაზე რეკომენდაცია 18 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის გაიცა. სააგენტოს შეფასებით, „მოდერნას“ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია.
ევროკავშირში იმუნიზაციის პროცესი „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მიერ წარმოებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით 27 დეკემბრიდან დაიწყო.