ევროკომისიამ ჰაერის დაბინძურების გამო, ევროკავშირის ექვს ქვეყანას სასამართლოში უჩივლა
ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში ექვსი ქვეყნის წინააღმდეგ ჰაერის ხარისხის სტანდარტების დაუცველობის გამო, სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელი შეტანილია გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, უნგრეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა სარჩელის თავიდან აცილება შეძლეს. ამ ქვეყნებმა კომისიის წინა გაფრთხილებაზე ეფექტიანი რეაგირება მოახდინეს და სათანადო ზომებს მიმართეს.
“წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელის შეტანა ევროპელების სახელით განხორციელდა. კომისიის ვალდებულებაა დაცვა, სწორედ ამას უკავშირდება ჩვენი გადაწყვეტილება, ამ ქვეყნებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში სიტუაციის გამოსასწორებლად საკმარისი „ბოლო შანსი“ მიეცათ. მჯერა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მოქალაქეების მდგომარეობას უფრო სწრაფად გააუმჯობესებს. თუმცა პრობლემას მხოლოდ სამართლებრივი ქმედებებით ვერ გადავწყვეტთ. სწორედ ამიტომ ევროკომისია ნაციონალურ ხელისუფლებებს სთავაზობს პრაქტიკულ დახმარებას, რათა ევროპული ქალაქების ჰაერი უფრო სუფთა გახდეს“, – განაცხადა გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარმა კარმენუ ველამ.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის შესახებ ევროკავშირის ნორმები დაარღვიეს, იტალია, უნგრეთი და რუმინეთი კი სასამართლოს წინაშე ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის წარდგებიან.
სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყნებს ჯარიმა ემუქრებათ.