ევროკომისიამ, ევროპაში ფერმერების საპროტესტო აქციების ფონზე, მიწის შესახებ ახალი რეგულაციის მიღება გადადო
ევროკომისიამ, ევროპაში ფერმერების საპროტესტო აქციების ფონზე, მიწის შესახებ ახალი რეგულაციის მიღება გადადო. ევროკომისიის რეკომენდაცია ეხება გარემოს დაცვის მიზნით შემუშავებულ რეგულაციას, რომელიც ევროპელ ფერმერებს ავალდებულებს, კუთვნილი მიწის ოთხი პროცენტი დაუმუშავებელი დატოვოს, რათა ბიომრავალფეროვნება დაცული იყოს.
რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ეს წესი მომავალ წლამდე არ უნდა ამოქმედდეს. როგორც გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისარმა, მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა, ეს ნაბიჯი სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებს დაეხმარება იმ რთულ პერიოდში, რომლის გამოვლაც მათ მოუწიათ.
„უკანასკნელ თვეებსა და წლებში ევროპელი ფერმერები ბევრი მხრიდან არიან ზეწოლის ქვეშ, კლიმატის ცვლილებებს თან დაერთო გეოპოლიტიკური არეულობა და ენერგიის გაძვირება. ახლა ბურთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოედანზეა, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, აქციონ თუ არა ჩვენი რეკომენდაცია რეალობად“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ცნობისთვის, დღეს საფრანგეთსა და ბელგიაში ფერმერების საპროტესტო აქციები გრძელდება. სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულები ევროკავშირის ახალ გარემოსდაცვით რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლებიც ფინანსურ ზეწოლას ზრდის და პროდუქციას აძვირებს. ამასთან, ევროპელი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ. მათი თქმით, ამ ქვეყნებს არ უწევთ ევროპული რეგულაციებისა თუ სტანდარტების დაცვა და, შესაბამისად, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან.