ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს საინვესტიციო გეგმას მოიცავს
ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს.
ახალი ინიციატივის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
ყოვლისმოცმველი გეგმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, კავშირის სფეროში ინვესტირება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა.
„დღეს ევროკომისიამ და უმაღლესმა წარმომადგენელმა წარადგინეს ინიციატივა, უახლოეს წლებში როგორ წავწიოთ წინ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის პრიორიტეტულ საკითხებზე თანამშრომლობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. დღევანდელი ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას.
მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა პიტერ სტანომ.