მალტის დედაქალაქი ვალეტა და ნიდერლანდების პროვინცია ფრისლანდიის დედაქალაქი ლეუვარდენი ევროკომისიამ 2018 წლის „ევროპის კულტურულ დედაქალაქებად“ დაასახელა.
როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვალეტასა და ლეუვანდენში მთელი წლის განმავლობაში საერთაშორისო კულტურული ღონისძიებები, ფესტივალები და გამოფენები გაიმართება.
14-20 იანვარს, მალტის დედაქალაქი ვალეტა “ევროპის კულტურული დედაქალაქის” გახსნის ცერემონიის ფარგლებში დიდ საკონცერტო დარბაზად გადაიქცევა, სადაც ერთი კვირის განმავლობაში უამრავი კონცერტი, თეატრალური საღამო და მუსიკალური სპექტაკლი გაიმართება.
26-27 იანვარს კი ნიდერლანდების ქალაქი ლეუვანდენი ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა მხატვართა გამოფენებს უმასპინძლებს.
გარდა ამისა, ქალაქ ლეუვანდენის ყველა მუზეუმი ღია კარი დღის ფარგლებში უფასოდ მიიღებს დამთვალიერებლებს.
„ევროპის კულტურული დედაქალაქის“ სტატუსი 1985 წლიდან იღებს დასაბამს, როცა ბერძენი მსახიობი, მომღერალი და საბერძნეთის პირველი ქალი-კულტურის მინისტრი მელინ მერკური გამოვიდა ინიციატივით, ყოველწლიურად ევროპის რომელიმე ქალაქი „ევროპულ კულტურულ დედაქალაქად” გამოცხადებულიყო.
დღეისთვის, აღნიშნული პროექტი ევროკავშირისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, დიდი პოპულარობით სარგებლობს და ევროპის ქვეყნების კულტურულ დაახლოებასა და მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.
როგორც ევროკომისიის ინფორმაციაშია ნათქვამი, წლევანდელი წელი განსაკუთრებული იქნება „ევროპის კულტურული დედაქალაქების“ ეგიდით გამართული ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის, რადგან 2018 წელი ევროკომისიის მიერ „ევროპის კულტურული მემკვიდრეობის“ წლად არის გამოცხადებული.