ევროკომისიამ უნგრეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
აღნიშნული ქვეყნები, უარს აცხადებენ იტალიასა და საბერძნეთში ჩასული ლტოლვილების მიღებაზე და ამგვარად არ ასრულებენ კვოტირების სისტემით მიგრანტების გადანაწილების წესებს, რომლებიც ევროკავშირმა 2015 წელს დაამტკიცა.
როგორც დღეს ბრიუსელში ევროკავშირის კომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა, ყველა ძალისხმევას მიმართა, რათა ბუდაპეშტი, პრაღა და ვარშავა დაერწმუნებინა, პოზიცია შეეცვალათ.
„დიდ ხანს ვცდილობდი, დამერწმუნებინა ევროკავშირის ეს ქვეყნები, გამოეჩინათ სულ მცირე სოლიდარობა მაინც. სამწუხაროდ, ამის გაკეთება ვერ შევძელი. იძულებულები ვართ, ამ ნაბიჯს მივმართოთ“, – განაცხადა ავრამოპულოსმა.
ევროკავშირის სასამართლოს შეუძლია უნგრეთი, ჩეხეთი და პოლონეთი დააჯარიმოს და ამ ქვეყნებს ბრიუსელის მოთხოვნის შესრულება დაავალდებულოს.
2015 წელს ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებში კვოტირების სისტემით 120 ათასი ლტოლვილის გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ზომებით ბრიუსელი უნდა დახმარებოდა საბერძნეთსა და იტალიას, რომლებიც ხმელთაშუა ზღვით ჩასული მიგრანტების ნაკადს ვერ უმკლავდებიან.