ევროკომისია - უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გამო დაზარალებული ქვეყნები ფინანსურ დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ უკრაინული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ ცალმხრივ სანქციებს გააუქმებენ
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გამო დაზარალებული ქვეყნები 100 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ უკრაინული პროდუქციის იმპორტზე დაწესებულ ცალმხრივ სანქციებს გააუქმებენ.
ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვალდის დომბროვსკისისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარის, იანუშ ვოიცეხოვსკის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკრაინული პროდუქციის იმპორტის შედეგად დაზარალებული ხუთი ქვეყნის – უნგრეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, რუმინეთის და ასევე უკრაინის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ შეხვედრაზე მათ წარადგინეს კომპლექსური წინადადებები, რომლებიც მიმართულია ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში კონკრეტული ტიპის პროდუქციის მწარმოებლების მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული შეშფოთების მოხსნისკენ.
„ეს წინადადებები მოიცავს უკრაინული პროდუქციის იმპორტით დაზარალებული ევროპელი ფერმერების ფინანსურ დახმარებას, რიგი პროდუქტების მიმართ დამცავ ზომებს და ასევე იმ პირობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ე.წ. სოლიდარობის დერეფნებით უკრაინული პროდუქციის ტრანზიტს.
„ევროკომისიის წინადადებები დამოკიდებულია იმაზე, გააუქმებენ თუ არა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ცალმხრივ ზომებს. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ აუცილებელია ევროკავშირის ერთიანი მიდგომის დაცვა, რათა თავიდან იყოს აცილებული მრავალრიცხოვანი აკრძალვები და გადაწყვეტილებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ევროკავშირის შიდა ბაზარს“, – ნათქვამია დომბოროვსკისისა და ვოიცეხოვსკის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური კონსულტაციები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბულგარეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო საქონლის იმპორტი აკრძალეს, ხოლო რუმინეთში ანალოგიური აკრძალვის დაწესებას მოითხოვენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უკრაინული იაფი პროდუქციის შეტანა ევროკავშირის ბაზარზე ადგილობრივ ფერმერებს აზარალებს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი დათანხმდა უკრაინული პროდუქციის ტრანზიტით გატარებას, თუმცა გარკვეული პირობებით.