ევროკომისია TikTok-სა და Meta-ს აფრთხილებს, უფრო მეტად დაიცვან სლოვაკეთის არჩევნები საგარეო ჩარევებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმები დაეკისრებათ
ევროკომისია TikTok-სა და Meta-ს აფრთხილებს, უფრო მეტად დაიცვან სლოვაკეთის არჩევნები საგარეო ჩარევებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჯარიმები დაეკისრებათ

ევროკომისია სოციალური მედიის მსხვილ კომპანიებს,  TikTok-სა და Meta-ს აფრთხილებს, უფრო მეტად დაიცვან სლოვაკეთის არჩევნები საგარეო ჩარევებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ ჯარიმები დაეკისრებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრატისლავაში გამართული რამდენიმე შეხვედრის დროს ევროკომისიისა და სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა მოუწოდეს სოციალური ქსელების მფლობელ კომპანიებს, მეტი რესურსი მიმართონ წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის, დეზინფორმაციისა და პრორუსული პროპაგანდის დასაძლევად.

როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ევროპული და სლოვაკური მარეგულირებლები მიიჩნევენ, რომ 30 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ სოციალური ქსელების მომხმარებლებში სულ უფრო მეტად ვრცელდება დეზინფორმაცია და კრემლის პროპაგანდა. სამიზნე აუდიტორიას, მათ შორის, წარმოადგენენ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მხარდამჭერები.

როგორც ცნობილია, რობერტ ფიცოს პარტია, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას ემხრობა, ამჟამად სოციოლოგიური გამოკითხვებით ლიდერობს.

„პოლიტიკო“ იუწყება, რომ სლოვაკეთში გამართულ შეხვედრებში TikTok-ის, Meta-სა და კომპანია Alphabet-ის მენეჯმენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრას უნდა დასწრებოდა ილონ მასკიც, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

​შეხვედრის დროს სოციალური მედიის კომპანიებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ითანამშომლონ სლოვაკეთში მოქმედი ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაციებთან. მათ ასევე აღნიშნეს, რომ კომპანიებში უკვე განხორციელდა შიდა ცვლილებები, რათა მათ ქსელებში გავრცელებული პოტენციურად ზიანის მომტანი მასალა დროულად გამოვლინდეს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, სლოვაკეთში დაგეგმილი არჩევნები იქნება პირველი გამოცდა, რომელსაც ევროკავშირის მიერ მიღებული „ციფრული სერვისების აქტი“ გაივლის. ამ აქტის მიხედვით, სოციალურ მედიაკომპანიებს მოუწევთ, უფრო აქტიურად იმუშაონ მათ ქსელებში უკანონო მასალისა და უცხოური პროპაგანდის გამოსავლენად და წასაშლელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სოლიდური ჯარიმა დაეკისრებათ, რომელმაც, შესაძლოა, კომპანიის წლიური შემოსავლის 6%-საც კი მიაღწიოს.