ევროკომისია - საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ დანაშაულში ხშირად არიან ჩართული
ევროკომისია - საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ დანაშაულში ხშირად არიან ჩართული

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები საქართველოდან კვლავ რჩებიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებად, რომლებიც ევროკავშირში განხორციელებულ სერიოზულ და ორგანიზებულ დანაშაულებში არიან ჩართული.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით აღებული ვალდებულებების შესრულებას აღწერს.

„საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ორგანიზებულ დანაშაულში ხშირად არიან ჩართული. ისინი ყველაზე ხშირად მონაწილეობენ ბინების ძარცვასა და ქურდობაში. ისინი არიან მობილურები და განსაკუთრებით აქტიურობენ საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ესპანეთში. ისინი ემუქრებიან ევროკავშირს, რადგან მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს შედარებით დაბალი ინტენსივობის დანაშაულად მიიჩნევენ. მათ მიერ კრიმინალური ბაზრის კონტროლი თანდათან იზრდება და ისინი თანამშრომლობენ ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნების დანაშაულებრივ ჯგუფებთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკომისიაში ასევე აცხადებენ, რომ საქართველო რჩება სხვადასხვა უკანონო საქონლის სატრანზიტო ქვეყნად. მათ შორის საუბარია ნარკოტიკებზეც.

ამასთან, როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, საქართველო უზრუნველყოფს და გამოხატავს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სურვილს და ნებას, მათ შორის საერთაშორისო დონზე თანამშრომლობის კუთხით.

„ეს ძალისხმევა უნდა გახდეს უფრო მდგრადი და კონსოლიდირებული, კერძოდ აღსრულების კუთხით. ეროვნული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების. მათ შორის კანონმდებლობის განახლება რეგულარულად ხდება. 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა ფოკუსირებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებზე, ნარკოტიკებზე, კიბერდანაშაულსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. აუცილებელია, რომ მათი ამოქმედება დროულად და ეფექტურად უახლოეს თვეებში მოხდეს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში რეფორმები 2015 წელს დაიწყო და პროგრესი სახეზეა. ამავე დროს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

„საქართველომ 2017 წლის აპრილში ხელი მოაწერა ევროპოლთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და ის ძალაში ივლისში შევიდა. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებაზე Eurojust-თან, რომლის ხელმოწერა 2018 წლის იანვარშია დაგეგმილი“, – ამბობენ ევროკომისიაში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს აქვს დადებითი მაჩვენებელი ანტიკორუფციული რეფორმების იმპლემენტაციის კუთხით.

ამასთან, ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას მეტი ყურადღება მიაქციონ ქონებრივი დეკლარაციების ვალიდურობის დადასტურების მექანიზმს, რომელიც 2017 წლის იანვარში შემოიღეს.

ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველო, საერთო ჯამში, ასრულებს ვიზების ლიბერალიზაციისთვის აღებულ ვალდებულებებს.