საქართველო რეადმისიის პირობებს საუკეთესოდ ასრულებს, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც საქართვლოს მიერ ვიზალიბერალიზაციის პირობების შესრულებაა შეფასებული.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს თანამშრომლობას რეადმისიის საკითხში საუკეთესოს და ეფექტურს უწოდებენ. რეადმისიის მოთხოვნათა უმრავლესობა საქართველოს მთავრობამ დააკმაყოფილა. 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთაც ევროკავშირის დატოვება მოსთხოვეს, 29%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2016 წელს ევროკავშირის დატოვება საქართველოს 5650-ს, ხოლო 2017 წელს 7275 მოქალაქეს მოსთხოვეს. ამასთან, სამშობლოში დაბრუნებულთა პროცენტული მაჩვენებელი, 2016 წლის 55,90%-იდან, 2017 წელს 62,47%-მდეა გაზრდილი“, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის დახმარებით საქართველომ დანერგა რეადმისიის მენეჯმენტის ელექტრონული სისტემა, რომელსაც ევროკავშირის 17 წევრი სახელმწიფო იყენებს.
„ყველა ამ სახელმწიფომ კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველო დროულად განიხილავს ამ სისტემით მიღებულ ყველა განაცხადს. საქართველომ შემოიღო ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი ( eTD ), რომლის რეადმისიისთვის გამოყენებაც მინისტრის ბრძანებით, საქართველოს შეუძლია ბეჭდურ დოკუმენტთან ერთად“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი რეადმისიის იმპლემენტაციის პროტოკოლზე ავსტრიასთან, ბენელუქსის ქვეყნებთან, ბულგარეთთან, ესტონეთთან, გერმანიასთან, უნგრეთთან და ლიეტუვასთან. ასევე ხელმოსაწერად არის მზად ანალოგიური პროტოკოლი ჩეხეთთან და პოლონეთთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს საბერძნეთთან, ლატვიასთან, მალტასთან, პორტუგალიასთან, რუმინეთთან და ესპანეთთან.
ამავე დროს, საქართველომ რეადმისიის შესახებ ორმხრივი შეთანხმება გააფორმა უკრაინასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, მოლდოვასთან, ბელარუსთან და ისლანდიასთან. გრძელდება მოლაპარკებები ანალოგიური შეთანხმების გაფორმებაზე აზერბაიჯანთან, ბოსნიასთან, სერბეთთან, მონტენეგროსთან და პაკისტანთან.