ევროკომისია პოლონეთის რეგიონებს, რომლებმაც საკუთარი ტერიტორია „ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად“ გამოაცხადეს, დაფინანსების შეჩერებით ემუქრება
ევროკომისია პოლონეთის იმ რეგიონებს, რომლებმაც საკუთარი ტერიტორია „ლგბტ თავისუფალ ზონად“ გამოაცხადეს, დაფინანსების შეჩერებით ემუქრება.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შესაბამისი წერილი ევროკომისიამ პოლონეთის რეგიონულ საბჭოებს უკვე გადაუგზავნა და მოითხოვა, რომ მათ „ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფლების ზონის“ გამოცხადებით გადაწყვეტილებას გადახედონ.
„ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ პოლონეთის ზოგიერთი რეგიონის ლგბტ თემის წარმომადგენელთათვის არასასურველ ზონად გამოცხადება ევროკავშირის წესდების მეორე მუხლში მოცემულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ვიდრე პოლონეთის რეგიონების ხელისუფლება ამ საკითხს არ მოაგვარებს, ევროკომისია „კოვიდ-19“-ის შედეგების აღმოსაფხვრელად განკუთვნილი ფინანსური დახმარების ნაწილს შეაჩერებს.
ლგბტ პირების უფლებები პოლონეთში, სადაც მოქალაქეების დიდი უმრავლესობა კათოლიკეა, სადავო საგანს წარმოადგენს. ბევრი კონსერვატორი ლგბტ უფლებებისთვის ბრძოლას ტრადიციულ ღირებულებებზე თავდასხმად მიიჩნევს.
2019 წელს პოლონეთის რამდენიმე რეგიონმა საკუთარი ტერიტორია „ლგბტ იდეოლოგიისაგან“ თავისუფალ ზონად გამოაცხადა. ამ რეგიონების ადგილობრივი მთავრობები ასევე გამოვიდნენ ჰომოსექსუალიზმისა და სხვა სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივით.