საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია იმ ღირებულებების წინ წასაწევად, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ამიტომ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რომ საქართველოს უნდა მიეცეს პერსპექტივა, რომ ის გახდება ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებაში.
როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის დასკვნით ნაწილშია აღნიშნული, საქართველოსთვის გადაუდებელი აუცილებლობაა, გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა.
„საქართველო საპარლამენტო დემოკრატიაა. ბოლო ეროვნული და ადგილობრივი არჩევნები აღიარებულია, როგორც კონკურენტუნარიანი და ჩატარდა ძირითადი თავისუფლებების საერთო პატივისცემით. გადამწყვეტი გამოწვევები მაინც რჩება განსაკუთრებით ზედმეტად დაყოფილი პოლიტიკური სცენის გამო. გადაუდებელი აუცილებლობაა, გადაიჭრას ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა. სარგებლის მიღებისთვის პირადი ინტერესების აღმოფხვრა უნდა იყოს დიდი პრიორიტეტი. საქართველოს აქვს კარგად განვითარებული და დინამიური სამოქალაქო საზოგადოება, რომლის მოსაზრება უფრო სისტემატიურად უნდა იქნას გათვალისწინებული. არსებობს სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმების სტრატეგიული ჩარჩო და მოიცავს დებულებებს ადგილობრივი მმართველობის გასაძლიერებლად. სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმები, მაგრამ შემდგომმა ცვლილებებმა შეაჩერა ეს დადებითი ტენდენცია. საჭიროა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კონსოლიდაცია და სასამართლო ინსტიტუციური ჯაჭვის ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აქვე ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციასთან საბრძოლველად, ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი ანტიკორუფციული პროცესებისა და მათი ეფექტურობის გასაძლიერებლად.
„კერძოდ, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და საკუთარი ინტერესების, მათ შორის ოლიგარქების ინტერესების აღმოფხვრა მოითხოვს შემდგომ გადამწყვეტ მოქმედებებს. ანალოგიურად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. არსებობს პლურალისტური მედია გარემო, რომელიც უნდა იყოს დაცული, მათ შორის სასამართლო პროცესებში“, – აღნიშნულია ევროკომისიის დასკვნაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ძირითადი უფლებების შესახებ კანონები ძირითადად ემორჩილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და ამ უფლებების აღსრულება უნდა გაძლიერდეს.
„ზოგადად, რაც შეეხება პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოს აქვს საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას, მაშინაც კი, თუ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეარყია ქვეყნის წინსვლა. რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, საქართველომ მიაღწია მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ ხარისხს ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკით და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი. მისი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად საჭიროა შემდგომი რეფორმები და ინვესტიციები გრძელვადიანი ინკლუზიური ზრდისა და გარე კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ გააძლიეროს ქვეყნის შესაძლებლობები ევროკავშირში კონკურენციის ზეწოლასთან გამკლავების მიზნით, საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი ადამიანური კაპიტალი (განსაკუთრებით განათლების რეფორმის გზით), რათა უზრუნველყოს უნარები შრომის ბაზრისთვის და ინოვაციურობა, გააძლიეროს ფიზიკური ინფრასტრუქტურა განახლებადი ენერგიის გენერირებისა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, ასევე გლობალურ საწარმო-სავაჭრო ჯაჭვთან წვდომა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება წევრობის ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობებს, დოკუმენტის თანახმად, საქართველო 2016 წლიდან მუშაობს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონაში.
„ეს შეთანხმებები უკვე მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო მოცულობას. საქართველო თანდათან მიუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობის მნიშვნელოვან ელემენტებს მრავალ თავში. მას აქვს განხორციელების საერთო პოზიტიური გამოცდილება, მაშინ როცა ზოგიერთ სექტორში ქვეყანა უფრო დაწინაურებულია, ვიდრე სხვებში. მთლიანობაში საქართველომ შექმნა მყარი საფუძველი შემდგომი შესაბამისობისთვის“, – აღნიშნულის დოკუმენტში.
აქვე ნათქვამია, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.
„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია იმ ღირებულებების წინ წასაწევად, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ამიტომ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რომ საქართველოს უნდა მიეცეს პერსპექტივა, რომ ის გახდება ევროკავშირის წევრი“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც ის შეასრულებს შემდეგ პრიორიტეტებს:
– გადაჭრის პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას, რაც უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით.
– გარანტირებული იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტების სრულად ფუნქციონირება. გაძლიერდეს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტური ანგარიშვალდებულება, ისევე როგორც დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქცია. გააგრძელოს საარჩევნო ჩარჩო, გადაჭრას ყველა ხარვეზი, რომელიც გამოვლენილია ეუთო/ოდირის, ევროსაბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ ამ პროცესში.
– მიიღოს და აამოქმედოს გამჭვირვალე და ეფექტური მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პოსტ-2021, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიურ და პარტიათაშორისი კონსულტაციების პროცესზე. უზრუნველყოს მართლმსაჯულება, რომელიც სრულად და ნამდვილად იქნება დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების მთელი ჯაჭვის გასწვრივ, ასევე დაცული იყოს ძალაუფლების გადანაწილების პრინციპი. თვალსაჩინოდ უზრუნველყოს მართლმსაჯულებისა და პროკურატურის ყველა ინსტიტუტის სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში და გადაჭრას ხარვეზები, რომლებიც გამოიკვეთა, მათ შორის ყველა დონის მოსამართლეთა და გენერალური პროკურორის წარდგენის პროცესში. გაატაროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და დანიშნოს უზენაესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ზომა უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.
– გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, ყველა მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ფუნქციების გაერთიანებით. კერძოდ, მკაცრად გადაწყვიტოს მაღალი დონის კორუფციის საქმეები. აღჭურვოს ახალი სპეციალური საგამოძიებო სერვისი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შესაბამისი რესურსით, რომელიც შეესაბამება მათ მანდატს და უზრუნველყოფს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას.
– შეასრულოს დეოლიგარქიზაციის ვალდებულება, ანგარებით ნაკარნახები ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
– გააძლიეროს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, რაც დაფუძნებული იქნება საფრთხეების დეტალურ შეფასებაზე, მტკიცე გამოძიების ჩატარებით, გასამართლებით და გასამართლების სანდო რეზულტატების ისტორიით, გარანტირებული იყოს სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა.
– გასწიოს ძლიერი ძალისხმევა, რათა გარანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო, კერძოდ იმის უზრუნველყოფით, რომ კრიმინალური პროცედურები, რომელებიც მიმართულია მედიამფლობელების წინააღმდეგ, დააკმაყოფილებს უმაღლეს ლეგალურ სტანდარტს, და ასევე დაიწყოს ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარის საქმეების ეფექტური და დროული გამოძიება.
– სწრაფად იმოქმედოს, რათა ადამიანის უფლებებისა და დაუცველი ჯგუფების დაცვა გაძლიერდეს, მათ შორის ძალადობის ორგანიზებასა და წამქეზებლების უფრო ეფექტურად გასამართლებით.
– თვალსაჩინოდ მოახდინოს იმ ძალისხმევის კონსოლიდაცია, რომელიც მიმართულია გენდერული თანასწორობისა და ქალების წინააღმდეგ ძალადობასთან ბრძოლის გაძლიერებისკენ.
– უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადების ჩართულობა ყველა დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
– მიიღოს კანონმდებლობა, რომ ქართულმა სასამართლოებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენები და მოსაზრებები.
– უზრუნველყოს, რომ დამოუკიდებელ პერსონას მიენიჭება უპირატესობა ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესში და ეს პროცესი იქნება ჩატარებული გამჭვირვალედ. უზრუნველყონ ომბუდსმენის ოფისის ეფექტური ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, კომისია გაუწევს მონიტორინგს საქართველოს პროგრესს, რომ დოკუმენტში აღნიშნული პრიორიტეტები იყოს შესრულებული და ამის თაობაზე ანგარიშს წარადგენს 2022 წლის ბოლოს.
„გაწევრიანების პროცესი კვლავაც არის დამოკიდებული დადგენილ კრიტერიუმებსა და პირობებზე. ეს აძლევს ნებისმიერ ქვეყანას საშუალებას, პროცესში მიაღწიოს პროგრესს, რომელიც დაფუძნებული იქნება საკუთარ დამსახურებებზე, მაგრამ ამავე დრო ნიშნავს, რომ ნაბიჯები ევროკავშირის მიმართულებით შეიძლება იყოს უკან გადადგმული, თუ ძირითადი პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.