ევროკომისია ევროკავშირის შიდა საზღვრებზე კონტროლის გაუქმებას ითხოვს
ევროკომისია ევროკავშირის შიდა საზღვრებზე კონტროლის გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრომოპულოსმა გააკეთა.
მისი თქმით, აუცილებელია, „შენგენის ზონის“ შესახებ შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას.
მიგრაციულ პოლიტიკაზე ევროკომისიის წინადადებას ავრომოპულოსი ბრიუსელში დღეს წარადგენს.
ევროკომისარმა „შენგენის შეთანხმებას“ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა უწოდა. მისივე განცხადებით, ახალი წინადადება ხელს შეუწყობს ამ შეთანხმების დაცვას.
„ევროპაში გამყოფი კედლების და დამცავი ციხე-სიმაგრეების აშენების აუცილებლობა არ არსებობს“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ამჟამად სასაზღვრო კონტროლი გერმანიისა და ავსტრიის საზღვარზე მოქმედებს. საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებული აქვს საფრანგეთს, დანიას, შვედეთსა და ნორვეგიას. ამ ქვეყნების მთავრობები აღნიშნულ ზომებს მიგრაციული კრიზისით ხსნის.