ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას აანონსებს
ევროკომისია არალეგალური გზით ევროკავშირში ჩასული მიგრანტების დეპორტაციის ახალ გეგმას აანონსებს. ამის შესახებ განცხადება შიდა საქმეების ევროკომისარმა, ილვა იოჰანსონმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ილვა იოჰანსონმა აღნიშნა, ახალი გეგმა მიმართულია ევროკავშირში არალეგალი მიგრანტების გაზრდილ რაოდენობასთან გამკლავებისკენ.
მისივე თქმით, 2022 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 300 000 არალეგალი მიგრანტი ჩავიდა. მათ უმრავლესობას არ აქვთ თავშესაფრის მიღების უფლება. ამ პრობლემის დასაძლევად გამიზნული ახალი სტრატეგიის მიხედვით, ევროკომისია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის, მონაცემთა გაცვლის პროცესისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაჩქარების ინიციატივით გამოდის.
ბრიუსელში იმედი აქვთ, რომ შეძლებენ არალეგალი მიგრანტების დაბრუნებას იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირი თანამშრომლობს.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, 2022 წელს თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობით ევროკავშირის წევრებს შორის ლიდერი გერმანიაა. ასეთი მოთხოვნების საერთო რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია 57%-ით. მეორე ადგილზეა საფრანგეთი, მესამეზე – ესპანეთი. მას მოჰყვებიან ავსტრია და იტალია. თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ყეელაზე დიდი ზრდა წელს აღრიცხეს ირლანდიაში.
ეს სტატისტიკური მონაცემები უკრაინის მოქალაქეებს არ მოიცავს, რადგან რუსეთის აგრესიის გამო, მათ ავტომატურად აძლევენ ევროკავშირში ცხოვრების უფლებას.
ამასთან, გერმანიაში ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი 2022 წელს იყო სირიიდან (27%), ავღანეთიდან (17%) თურქეთიდან (10%), ერაყიდან (6,9%) და საქართველოდან (4%).
გამოცემა „ველტის“ მონაცემებით, მხოლოდ ბერლინში შარშან თავშესაფარი 16 000-მა მიგრანტმა მოითხოვა. მათგან 3 500 მოლდოვიდან იყო, 2 400 – სირიიდან, 2 100 – ავღანეთიდან, 1 833 – თურქეთიდან და 2 100 – საქართველოდან.