ევროკომისია ე.წ. კოვიდპასპორტების ამოქმედებას ზაფხულიდან გეგმავს
ევროკომისია ე.წ. კოვიდპასპორტების ამოქმედებას ზაფხულიდან გეგმავს. შესაბამისი ინიციატივა დღეს ევროკომისიამ ოფიციალურად წარადგინა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. ციფრული მწვანე სერტიფიკატი იქნება მტკიცებულება, რომ მოქალაქემ უკვე გაიკეთა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ან მას აქვს კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი, ან უკვე გადაიტანა კორონავირუსი.
თითოეულ მწვანე სერტიფიკატს ექნება ე.წ. ციფრული შტრიხკოდი, რათა მისი უსაფრთხოება და ავთენტურობა გარანტირებული იყოს.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ე.წ. კოვიდპასპორტი ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ამოქმედდება და უფასოდ გაიცემა.
იუსტიციის საკითხებში ევროკომისარ დიდიე რეინდერსის თქმით, ციფრული მწვანე სერტიფიკატის ამოქმედებით, ევროკომისია ერთიან ევროპულ ამოცანას ასრულებს, რათა ევროკავშირის მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს წლევანდელ ზაფხულს თავისუფლად გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ.
ევროკომისიაში ასევე არ გამორიცხავენ, რომ დროთა განმავლობაში ევროკავშირმა აღიაროს ორგანიზაციის არაწევრ ქვეყნებში გაცემული ე.წ. კოვიდპასპორტები ან სერტიფიკატები.