ევროკომისია - ბოლო დღეებში ევროპაში ანტისემიტიზმის შემთხვევებმა უჩვეულოდ მაღალ დონეს მიაღწია, რაც ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდს მოგვაგონებს
ბოლო დღეებში ევროპაში ანტისემიტიზმის შემთხვევებმა უჩვეულოდ მაღალ დონეს მიაღწია, რაც ისტორიის ყველაზე ბნელ პერიოდს მოგვაგონებს, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროკომისიის განცხადებით, ევროპაში მყოფი ებრაელები დღეს კვლავ შიშში ცხოვრობენ.
„ჩვენ ევროკავშირსა და მთელ მსოფლიოში ანტისემიტური შემთხვევებისა და რიტორიკის აღზევებას ვხედავთ: „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს სინაგოგას გერმანიაში, საფრანგეთში საცხოვრებელ სახლებს დაახატეს დავითის ვარსკვლავები, ავსტრიაში შეურაცხყოფილია ებრაული სასაფლაო, თავდასხმები ებრაულ მაღაზიებსა და სინაგოგებზე ესპანეთში, დემონსტრანტები, რომლებიც ებრაელთა წინააღმდეგ სიძულვილის სლოგანებს სკანდირებენ. ამ რთულ პერიოდში ევროკავშირი თავისი ებრაელი თემების გვერდით დგას. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ საძაგელ ქმედებებს. ისინი ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც მხარს უჭერს ევროპა, ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს და ჩვენი ცხოვრების წესს, იმ საზოგადოების მოდელს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ – დაფუძნებულს თანასწორობაზე, ინკლუზიურობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
როგორც ევროკომისია აღნიშნავს, არავინ უნდა ცხოვრობდეს რელიგიისა ან იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის ან ძალადობის შიშით – არც ებრაელი, არც მუსლიმი და არც ქრისტიანი.
„ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ანტისემიტიზმის, ასევე ანტიმუსლიმური სიძულვილის ზრდას, რომლის თვითმხილველებიც ბოლო კვირებში გავხდით და რომელსაც ევროპაში ადგილი არ აქვს. ჩვენს განკარგულებაში უკვე გვაქვს ძლიერი ინსტრუმენტები ასეთ ინციდენტებზე რეაგირებისთვის: ევროკავშირის კანონმდებლობით კრიმინალიზებულია საჯარო წაქეზება სიძულვილისა და ძალადობისკენ, დადგენილია საერთო მიდგომა რასისტული და ქსენოფობიური სიძულვილის ენისა და სიძულვილის დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი მკაცრი აღსრულების უზრუნველყოფა ახლა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროპული უწყების ცნობით, წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობით ევროკავშირი გააგრძელებს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას. ასევე, ევროკავშირი ამკაცრებს შესაბამის კანონმდებლობას, რათა უზრუნველყოს, რომ ონლაინპლატფორმებს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება ჰქონდეთ ანტისემიტურ და ანტიმუსლიმურ კონტენტზე, იქნება ეს ტერორისტული, სიძულვილის ენის შემცველი თუ დეზინფორმაციული მასალა.
„ჩვენი, როგორც ევროპელების, საერთო პასუხისმგებლობაა, დავგმოთ სიძულვილის ყველა ფორმა და წინ აღვუდგეთ მას“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.