ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს
ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს

ევროკომისია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ახალ გეგმას წარადგენს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიასაშუალების ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წერილობით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც 17-18 ოქტომბერს მიგრაციის საკითხის განხილვას გეგმავენ. წერილში ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკომისია ახალი მანდატის დაწყებისთანავე გეგმავს, განიხილოს ათი საკითხი, რათა დაეხმაროს ევროკავშირის წევრებს მიგრაციულ გამოწვევებთან გამკლავებაში. ევროკომისიის განახლებული შემადგენლობა უფლებამოსილების შესრულებას, სავარაუდოდ, პირველი დეკემბრიდან დაიწყებს.

წერილში ევროკომისიის პრეზიდენტი სთავაზობს ევროკავშირის ლიდერებს მაისში შეთანხმებული მიგრაციული პაქტის შესრულების დაჩქარებას. ის ასევე სთავაზობს მეტი შეთანხმების გაფორმებას მიგრანტების წარმომავლობის ან ტრანზიტულ ქვეყნებთან. კერძოდ, საუბარია თურქეთთან, ტუნისთან ან ლიბიასთან მოქმედ შეთანხმებებზე, რომლებსაც ევროკავშირი თანხას უხდის საზღვრის უკანონო კვეთის შესაკავებლად. ფონ დერ ლაიენმა დაასახელა ეგვიპტე, მაროკო, ალჟირი, მავრიტანია, სენეგალი და მალი იმ ქვეყნებად, რომლებთანაც ევროკავშირმა უნდა ითანამშრომლოს არალეგალური მიგრაციის შესაკავებლად.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე გამოდის შეთავაზებით, რომ ის მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ ექნებათ, გაგზავნონ ე.წ. დაბრუნების ჰაბებში ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, რომლებთანაც ევროკავშირს ექნება შესაბამისი შეთანხმებები.

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ დაბრუნების ჰაბების იდეასთან დაკავშირებული შესაძლო გზები, განსაკუთრებით დაბრუნების შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით“, – აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი წერილში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაასახელა უკვე მიღწეული შეთანხმება იტალიასა და ალბანეთს შორის, როგორც შესაძლო მოდელი, რომლის მიხედვითაც, იტალიას შეუძლია, წელიწადში 36 ათასამდე მიგრანტი გაგზავნოს ალბანეთში მოწყობილ ორ ცენტრში, სადაც ისინი შემდგომ დეპორტაციას დაელოდებიან. პირველი ხომალდი, რომლითაც მიგრანტები ალბანეთში გაგზავნეს, იტალიიდან ორშაბათს გავიდა.

ევროკომისია ასევე გეგმავს, გაამკაცროს ზომები ისეთი მიგრანტებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენენ.