ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის კორონავირუსთან საბრძოლველად 140 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის კორონავირუსთან საბრძოლველად 140 მილიონ ევროს გამოყოფს

კორონავირუსის ეპიდემიაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკომისია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნების გვერდით დგას და სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სასწრაფო საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დამატებით, კომისია ასევე 700 მილიონი ევროს ღირებულების არსებულ ინსტრუმენტებს მიმართავს კორონავირუსის შედეგად გამოწვეული კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად.

„ეს არის ძალიან რთული დრო არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორ წევრებისთვისაც. ჩვენ ყველა ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, კორონავირუსის ეპიდემიის ადამიანების ცხოვრებაზე და საარსებო სახსრებზე გავლენის შესამსუბუქებლად. ჩვენ ვპასუხობთ, როგორც ჯანდაცვის სისტემების დაუყოვნებლივ საჭიროებებს, ასევე საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, ასევე ექვსი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი – მცირე და საშუალო მეწარმეების გრძელვადიან საჭიროებებს“, – განაცხადა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰელიმ.

როგორც ევროკომისია აღნიშნავს, პარტნიორი ქვეყნების თხოვნის საფუძველზე, ევროკომისია უპასუხებს ქვეყნების სასწრაფო საჭიროებებს და მხარს დაუჭერს სამედიცინო მოწყობლობებითა და პერსონალური აღჭურვილობით მომარაგებას. კერძოდ, საუბარია სასუნთქ აპარატებზე, ლაბორატორიულ კომპლექტებზე, ნიღბებზე, სათვალეებზე, ხალათებზე და დამცავ კოსტუმებზე.

„ევროკომისია მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და გამოყოფს 30 მილიონს იმის უზრუნველსაყოფად, რომ უახლოეს კვირებში მოხდეს ამ აუცილებელი მასალების ერთობლივი შესყიდვა და ეფექტიანად დარიგება ექვსი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემებისთვის. ამას გარდა, სახსრები მხარს დაუჭერს ეროვნულ ჯანდაცვის ადმინისტრაციებს სამედიცინო და ლაბორატორიების პერსონალის ტრენინგში და მოსახლეობის ფართო ფენებში ცნობადობის ამაღლების ზომების განხორციელებაში“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიას ასევე გათვალისწინებული აქვს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის მცირე გრანტების სახით 11,3 მილიონი ევროს გამოყოფა. აღნიშნული სახსრები რეგიონული პროექტის „სწრაფი რეაგირების მექანიზმის“ საშუალებით უკვე მიმართულია სასწრაფო საჭიროებებზე, როგორიცაა მათ შორის ადგილობრივი სკოლების მხარდაჭერა დისტანციურ სწავლებაში. ამ პროგრამის ფარგლებში, ზაფხულისთვის კომისია დაუწყებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სოლიდარობის პროგრამას“, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის ყველაზე მეტად დაზარალებულ ნაწილზე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით და მცირე ადგილობრივ ორგანიზაციებისთვის გრანტების გამოყოფით.