ევროკომისარი - თუ იტალიის ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შედგა, შესაძლოა, რომს სანქციები დაუწესდეს
თუ იტალიის 2019 წლის ბიუჯეტზე შეთანხმება ვერ შედგა, ბრიუსელმა რომს შესაძლოა, სანქციები დაუწესოს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკომისარ, პიერ მოსკოვიციზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიუსელში ფიქრობენ, რომ იტალიის ბიუჯეტის კანონპროექტი ევროკავშირის ფისკალურ კანონებს არღვევს და 13 ნოემბრისთვის უნდა შეიცვალოს.
„დიალოგი მსურს, მაგრამ საბოლოო ეტაპზე შესაძლოა, სანქციები დაწესდეს, თუ შეთანხმება ვერ მიიღწევა. 13 ნოემბრისთვის იტალიის მთავრობისგან ძლიერ, ზუსტ პასუხს ველოდებით. მე ზრდაზე ორიენტირებულ პოლიტიკას ვემხრობი. სახელმწიფო ვალის ზრდაზე ორიენტირებული პოლიტიკა კი, ზრდაზე ორიენტირებული არ არის“, – აღნიშნა მოსკოვიციმ.
იტალიის ფინანსთა მინისტრი ჯოვანი ტრია აცხადებს, რომ ბიუჯეტი არ შეიცვლება.