ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - გიორგი გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა
ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბრწყინვალე შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ევროკომისარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ხელმოწერილ შეთანხმებებზეც საუბრობს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ჯამში 129 მილიონი ევროს დაფინანსების გამოყოფას გულისხმობს.
„ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად სიამოვნებით მოვაწერეთ ხელი დაფინანსების ორ შეთანხმებას. აღნიშნულის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოს 129 მილიონ ევროს გამოუყოფს, რაც ქვეყანას ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების და ეკონომიკაზე მისი გავლენის დაძლევაში დაეხმარება“, – წერს ევროკომისარი ვარჰეი.