ევროკომისარი იანეშ ლენარჩიჩი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, ის შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან
ევროკომისარი იანეშ ლენარჩიჩი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, ის შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან

მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, ისე როგორც ეს შარშან მოხდა. ცხადია, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან, – ამის შესახებ კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეშ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ევროკომისიის პოზიციის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი თუ იქნება მიღებული, ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე.

„გასული კვირების განმავლობაში საქართველოს ათასობით მოქალაქე ქუჩაში გავიდა, რათა გამოეყენებინა საკუთარი უფლება, გამართონ მშვიდობიანი აქცია. ისინი კიდევ ერთხელ ითხოვდნენ, რომ უკან იყოს გაწვეული კანონი უცხოური ინტერესების გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ უკვე ვნახეთ შთამბეჭდავი სცენები საქართველოში გასულ წელს. ყველა ასაკის მოქალაქეს ხელში ეჭირა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, რითიც აჩვენებდნენ თავიანთ მტკიცე მხარდაჭერას დემოკრატიისადმი, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისადმი და საქართველოს გეზისადმი ევროკავშირისკენ. იმ დროს მმართველმა პარტიამ და მთავრობამ დადეს საჯარო დაპირება საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რომ ასეთი კანონი უკან არასდროს დაბრუნდებოდა. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი, ისე როგორც ეს შარშან მოხდა. ცხადია, რომ ეს კანონმდებლობა შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. ეს კანონი თუ იქნება მიღებული, ის საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ მომავალი ევროკავშირში. კანდიდატის სტატუსმა, რომელიც საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიენიჭა, ჩვენი ურთიერთობები დააახლოვა ისე, როგორც არასდროს. ჩვენი კარი ღიაა. ასე რომ, მე მოვუწოდებ ქართველ ლიდერებს, გააკეთონ ის, რასაც მოქალაქეები კარნახობენ და არ გადაიყვანონ საქართველო ევროკავშირის გზიდან“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების სამუშაო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიისთვის.

როგორც იანეშ ლენარჩიჩმა აღნიშნა, გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ოპერირების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

„საქართველოს ჰყავს აქტიური და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც წვლილი შეიტანა საქართველოს წარმატებულ პროგრესში ევროკავშირის წევრობისკენ. წარდგენილი კანონი შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციების თავისუფლად ოპერირების შესაძლებლობებს, ის შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და უსამართლოდ მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციას, რომელთაც სარგებელი მოუტანეს საქართველოს მოქალაქეებს. ეს ასევე აისახება ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოს მოქალაქეებისადმი, რადგანაც ამ დახმარების ნაწილი გადის არასამთავრობო ორგანიზაციებზე. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ოპერირების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტი. გაფართოების ანგარიშში ევროკომისიამ ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, კერძოდ კი, ცხრა ნაბიჯს. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ველოდებით, რომ საქართველო შესაბამისობაში მოვა კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან, რომელიც სპეციფიკურად მოითხოვს დემოკრატიის პრინციპების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვას. ამ სფეროებში მხოლოდ არსებითი და შეუქცევადი პროცესი განსაზღვრავს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და ამ მოლაპარაკებების ტემპს. ევროკავშირი მოუწოდებს ქართველ ლიდერებს, ხელი შეუწყონ ეროვნულ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის გარშემო. ყველა პოლიტიკოსისთვის უმთავრესია, შეამციროს პოლარიზაცია, პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროკავშირის გაფართოება არის წარმატებული, როდესაც ამ მიზანს ზურგს მთელი ქვეყანა უმაგრებს. ეს ასევე არის ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს, ამ გზას დაადგეს. ეს არის ვალდებულება, შესაბამისობაში მოვიდეს არა მხოლოდ ჩვენ ნორმებთან, არამედ ჩვენს ღირებულებებთან“, – განაცხადა ევროკომისარმა.