ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ
ევროპაში უვიზოდ გამგზავრებამდე, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებს ნებართვის მიღება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ. შესაბამის შეთანხმებას ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა დღეს მიაღწიეს.
როგორც გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, ევროპაში გასამგზავრებლად ავტორიზაციის მისაღებად, ონლაინ ანკეტის შევსება და შვიდი ევროს გადახდა მოუწევთ.
„ანკეტაში შეტანილი ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში შემოწმდება ევროკავშირისა და ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში, რის საფუძველზეც დადგინდება, აქვს თუ არა კონკრეტულ მოქალაქეს ევროპაში შესვლის უფლება. თუ სისტემამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, ევროპაში გამგზავრების ნებართვას მოქალაქე დაუყოვნებლივ მიიღებს. ევროპაში მოგზაურობის ავტორიზაცია სამი წლის ვადით გაიცემა“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ამავე დროს, როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ ანკეტაში მოცემული ინფორმაცია საეჭვო იქნება, მას დამატებით გადაამოწმებენ. ამ შემთხვევაში, ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვის მისაღებად მაქსიმალური ვადა 96 საათი, ანუ ოთხი დღე იქნება.
„დღეს მიღწეული შეთანხმება არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ევროკავშირის საზღვრების დაცვას ემსახურება. ჩვენ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ, ვინც ევროკავშირში შესვლას აპირებს, მანამდე, ვიდრე ისინი საზღვარზე აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლებთ იმ პირების გამოვლენას და გაჩერებას, ვინც ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება“, – განაცხადა ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვალენტინ რადევმა.
პირველ ეტაპზე, ევროპაში მოგზაურობის ნებართვის მიღება იმ მოქალაქეებს დასჭირდებათ, ვინც თვითმფრინავით ან გემით მგზავრობს. სისტემის ამოქმედებიდან სამ წელიწადში ანალოგიური დოკუმენტების შემოწმება დაევალება ავტობუსის იმ კომპანიებს, რომლებიც საერთაშორისო რეისებს ასრულებენ.
როგორც ევროკომისიის პრესრელიზშია ნათქვამი, ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS)-ის შესახებ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, დოკუმენტს ევროდეპუტატებმა უნდა უყარონ კენჭი.
ევროპაში მოგზაურობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს.