ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართება
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართება

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართება.

ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ბოლქვაძის ინფორმაციით, მესამე ტალღის კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება მთელი საქართველოს მასშტაბით. საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან ერთად, მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის რისკების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას.

„ეს იქნება ფართომასშტაბიანი კამპანია, რომელშიც ჩართული იქნება როგორც იუსტიციის სამინისტრო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენ ვაპირებთ, ჩავატაროთ შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში და ავუხსნათ მოსახლეობას იმ რისკების შესახებ, თუ რა მოჰყვება უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევას, როგორც პირადად მათთვის, ასევე ზოგადად ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან გარკვეული შეშფოთება იქნა გამოთქმული, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში იმატა როგორც კრიმინალმა, ასევე საუბარია იმასთან დაკავშირებითაც, რომ არის თავშესაფრის მაძიებლების საკმაო ზრდა. ჩვენი მესამე ტალღის კამპანიაც სწორედ იმისთვის იქნება, რომ შევეცადოთ, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ამ ეტაპზე ჩვენ პარტნიორებთან არ დგას საკითხი, რომ შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. უბრალოდ არსებობს გამოწვევები, რომლის შესახებაც ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ევროპელი პარტნიორებისგან“, – განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.

დღევანდელ ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ეკა მაჭავარიანი დაესწრებიან.