ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო მისიის შექმნაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ, პრაღაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„დღეს მინისტრებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა, ძირითადად უკრაინაში რუსეთი აგრესიის კონტექსტში. ჩვენ ჩაგვერთო უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ბატონი რეზნიკოვი, რომელმაც მოგვაწოდა განახლებული ინფორმაცია ომის შესახებ და იმ საჭიროებებზე, რომელიც უკრაინას ესაჭიროება. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ საჭიროებებს და ერთხმად შევთანხმდით ამაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის გვერდით დგანან და მზად არიან, გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„საჭიროებები არ გულისხმობს მხოლოდ სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას. საჭიროებები ასევე გულისხმობს მათი ძალების გარდაქმნას, თუ როგორ უნდა აწარმოონ ომი, ჯარისკაცების გადამზადებას. მზად არის რამდენიმე საწვრთნელი ინიციატივა, თუმცა საჭიროებები უზარმაზარია და უნდა მოვახდინოთ ამ საჭიროებების თანმიმდევრულობის განსაზღვრა. ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა ამაზე და ასევე იმაზე, რომ დაიწყონ მუშაობა ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების განსაზღვრაზე უკრაინისთვის“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დღეს გამართული შეხვედრა იყო არაფორმალური, ხოლო არაფორმალურ შეხვედრაზე არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, არამედ გადაწყდა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ უკრაინელებთან კონტაქტს და მეორე მხრივ, კანონიერი და საოპერაციო პარამეტრების განსაზღვრას, საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად.