ევროკავშირში სომხეთის ელჩი - ჩვენი შეთავაზებები ევროკავშირს წარვუდგინეთ, უნდა იყოს მტკიცე რეაგირება აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოუყენებლობის პირობის დარღვევაზე
სომხეთი ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს აზერბაიჯანს ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის გამო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში ევროკავშირში სომხეთის ელჩმა, ტიგრან ბალაიანმა განაცხადა.
სომეხმა დიპლომატმა ასევე აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე თავდასხმის შესაძლებლობა არ გამორიცხა და დასავლეთს ერევნის ძლიერი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„ჩვენი შეთავაზებები ევროკავშირს წარვუდგინეთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მტკიცე რეაგირება აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოუყენებლობის პირობის დარღვევაზე. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერბოკმა საჯაროდ განაცხადა, თავდასხმამდე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები და ალიევმა პირობა დადო, რომ არ გამოიყენებდა ძალას. მან დაპირება დაარღვია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამას უნდა მოჰყვეს შედეგები“, – განაცხადა ელჩმა.
შესაძლო შემზღუდავ ზომებს შორის სომხეთის ელჩმა დაასახელა პერსონალური სანქციები, ასევე აზერაიჯანულ ნავთობსა და გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება.