ევროკავშირში დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ
ევროკავშირში დღეს ახალი შეზღუდვების შემოღება იმ პირთა მიმართ იგეგმება, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარების ორგანიზატორები იყვნენ. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენელი შეიკრიბება, რომლებიც ე.წ. შავ სიაში ინდივიდუალური პირების დამატებაზე იმსჯელებენ.
იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები შეთანხმებას მიაღწევენ, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტია დაწესებული: ეკონომიკური, ინდივიდუალური და ყირიმის ანექსიის გამო შემოღებული სანქციები.
სანქციების ნაწილი ექვსი თვით, ნაწილი კი ერთი წლის ვადით არის დაწესებული და მათ მოქმედებას რეგულარულად ახანგრძლივებენ.