ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსეთმა უკრაინაში უკანონო ქმედებები განახორციელა და სხვა კონფლიქტებში მკაფიო როლი ითამაშა
რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში უკანონო ქმედებები განახორციელა და მკაფიო როლი ითამაშა სხვა კონფლიქტებში, როგორც ევროპის სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს ეკისრება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ბევრი საქმე გამოძიებული არ არის.
„სამწუხაროდ, არსებობს წარმატებული და წარუმატებელი მკვლელობების მცდელობის გრძელი სია, რომელიც კრიტიკულად განწყობილი და დამოუკიდებელი პირების წინააღმდეგ ჩაიდინეს რუსეთში, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. ბევრი საქმე არ არის გამოძიებული, ხოლო დამნაშავეებს პასუხი არ აგებინეს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესმდივანმა.
მისივე თქმით, ყოფილ მზვერავ სერგეი სკრიპალსა და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსი მაღალჩინოსნების, რუსეთის სპეცსამსახურებისა და ქიმიური ინსტიტუტების წინააღმდეგ.
„რუსეთის ხელისუფლებამ ასევე განახორციელა უკანონო ქმედებები უკრაინაში, ასევე ევროკავშირის სამეზობლოსა და მის ფარგლებს გარეთ კონფლიქტებში მკაფიო როლი შეასრულა. ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის პრეზიდენტი, პასუხისმგებელია რუსეთის სახელმწიფო ორგანოების ქმედებებზე, სახელმწიფოს პოლიტიკასა და სხვა ნაბიჯებზე“, – განაცხადეს ევროკომისიაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ტელეკომპანია „ეი-ბი-სისთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერს მკვლელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევის გამო, პუტინს საფასურის გადახდა მოუწევს. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ბაიდენის ამ განცხადებებზე საპასუხოდ, აშშ-ის ლიდერი პირდაპირ ეთერში მოლაპარაკებებზე მიიწვია. პუტინმა ასევე ჯანმრთელობა უსურვა ბაიდენს და თქვა რუსული ფრაზა, რომელიც ქართულად ასე ჟღერს: „ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის“.
ბაიდენისა და პუტინის განცხადებებს წინ უსწრებდა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭოს ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთი სავარაუდოდ აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევას დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ცდილობდა.