ევროკავშირში აცხადებენ, რომ „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლით რუსეთი შიმშილის იარაღად გამოყენებას ცდილობს
„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლით რუსეთი შიმშილის იარაღად გამოყენებას ცდილობს, – აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური მდივნის ყველა ძალისხმევას, რომელიც შეთანხმების გახანგრძლივებისკენ არის მიმართული.
„სამწუხაროა, რომ რუსეთმა უარი თქვა შეთანხმების გაგრძელებაზე. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ბევრ პრობლემას შექმნის ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ჩვენი სოლიდარობის ხაზების პროექტით, რათა უკრაინული მარცვლეული ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ის საკვებად აუცილებელია. უნდა დავადანაშაულო რუსეთი ამ გადაწყვეტილებისთვის. ადამიანების შიმშილის იარაღად გამოყენება სრულიად გაუმართლებელია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით რუსეთის ნაბიჯს ცინიკური უწოდა.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს, შეაჩეროს „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“, მიუხედავად გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევისა. ევროკავშირი მუშაობს, რათა უზრუნველყოს სურსათის უსაფრთხოება მსოფლიოში ყველაზე დაუცველებისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელება აუცილებელია დაუცველი ქვეყნებისთვის.
„მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის ეგიდით „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის, რადგან ეს შეთანხმება ევროპული სოლიდარობის ხაზებთან ერთად, გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ყველაზე დაუცველ ქვეყანებს ჰქონდეთ წვდომა მარცვლეულთან და სასუქთან, რაც ხალხს სჭირდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ცნობისთვის, რუსეთში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებენ.