ევროკავშირში აცხადებენ, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტთან შედარებით უფრო რთულია
ევროკავშირში აცხადებენ, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტთან შედარებით უფრო რთულია. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა გააკეთა. მისივე თქმით, შექმნილი ვითარება შეშფოთებას იწვევს.
„ზოგიერთ ქვეყენაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე მარტში იყო, როდესაც ევროპა კორონავირუსის პანდემიის პიკში იყო. ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ევროკომისარმა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კირიაკიდესმა წარადგინა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება.
„ზოგიერთ შემთხვევაში შემთხვევების რაოდენობის ზრდა თანხვედრაშია ტესტირების გაფართოებასთან და 15-დან 49-წლამდე ასაკის ადამიანებს შორის ინფექციის ინტენსიურ გადაცემასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ჯერ მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს გამოუმუშავდა.
„შექმნილი ვითარება აჩენს მზარდ საფრთხეს რისკ ჯგუფებში მყოფი მოქალაქეებისთვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებისთვის“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულ ცენტრში.