ევროკავშირში აცხადებენ, რომ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის თანახმად, აზერბაიჯანში არჩევნები ჩატარდა შეზღუდულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აზერბაიჯანში პირველ სექტემბერს გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ, ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის თანახმად, არჩევნები ჩატარდა შეზღუდულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოში, რომელიც არ იძლეოდა ჭეშმარიტი პლურალიზმის საშუალებას, რასაც შედეგად მოჰყვა კონკურენციის გარეშე კენჭისყრა.
„მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემის პროცესი მოწესრიგებული იყო და შეფასდა, როგორც მთლიანობაში ეფექტიანად წარმართული, აღინიშნა სერიოზული დარღვევები და მნიშვნელოვანი გარანტიების გამოტოვება, განსაკუთრებით ხმების დათვლისას, რამაც გააჩინა კითხვები პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებით. ეუთო/ოდირის მისიამ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარდა განსხვავებული ხმების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების ფონზე. ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაითვალისწინოს და შეასრულოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ამ და წინა არჩევნებთან დაკავშირებით. ევროკავშირი მზადაა ამ პროცესში დასახმარებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.