ევროკავშირმა ვენესუელაში დეკემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მისია გაგზავნა
ევროკავშირმა ვენესუელაში მისია გაგზავნა დეკემბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, ევროკავშირის მისიას კარაკასში მიმდინარე კვირას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის პოლიტიკურ ძალებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორისა და ეკლესიის წარმომადგენლებთან.
ვენესუელაში 6 დეკემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს მთავარი ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ იმ მიზეზით, რომ მათი თქმით, საარჩევნო ორგანოებში უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადუროსადმი ლოიალურად განწყობილი პირები დანიშნა.
ევროკავშირის განცხადებით, ორგანიზაციამ ვენესუელაში არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვევა მიიღო, თუმცა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობას ჯერ არ დაუკმაყოფილებია მინიმალური პირობებიც კი, რაც ამისთვის არის საჭირო.
ვენესუელაში პოლიტიკური ვითარება 2019 წლიდან უკიდურესად გამწვავდა, როდესაც იანვარში ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი. ის დასავლეთის ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის აშშ-მა აღიარა.