ევროკავშირმა უკრაინისთვის მომავალი ერთი წლის განმავლობაში ორი მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების გაგზავნა შეათანხმა
ევროკავშირმა უკრაინისთვის მომავალი ერთი წლის განმავლობაში ორი მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების გაგზავნა შეათანხმა. კერძოდ, ევროკავშირი უკრაინას ერთ მილიონ საარტილერიო ჭურვს გაუგზავნის.
„ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ კონსენსუსს, გავუგზავნოთ უკრაინას 155 მილიმეტრის კალიბრის ერთი მილიონი ჭურვი. ჯერ კიდევ ბევრი დეტალია გადასაწყვეტი, თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები და ეს მაჩვენებს ერთ რამეს: თუ არსებობს ნება, არსებობს გზაც“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს.
თავის მხრივ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიზანია, უკრაინას მიაწოდოს რაც შეიძლება ბევრი საბრძოლო მასალა სწრაფად და ყველაზე დაბალ ფასად.
„ევროკავშირის საბჭოს პასუხი ნათელია: უკრაინას შეუძლია, ჰქონდეს ევროკავშირის იმედი და ამასთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ერთად შეთანხმდნენ ინიციატივაზე, სასწრაფო წესით მიაწოდონ საარტილერიო აღჭურვილობა არსებული მარაგებიდან ან ერთობლივი შესყიდვით“, – განაცხადა ბორელმა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.