ევროკავშირმა უკრაინიდან გარკვეული სახის სოფლის მეურნეობის იმპორტზე შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა, ამასთან, შეზღუდვის ეტაპობრივი შემსუბუქების შესახებ განაცხადა
ევროკავშირმა უკრაინიდან გარკვეული სახის სოფლის მეურნეობის იმპორტზე შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა, ამასთან, შეზღუდვის ეტაპობრივი შემსუბუქების შესახებ განაცხადა

ევროკავშირმა უკრაინიდან გარკვეული სახის სოფლის მეურნეობის იმპორტზე შეზღუდვები 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა შეზღუდვის ეტაპობრივი შემსუბუქების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

„2023 წლის 15 სექტემბრამდე ევროკავშირი ეტაპობრივად აუქმებს 2023 წლის 2 მაისს მიღებულ განსაკუთრებულ და დროებით პრევენციულ ზომებს, რომლებიც უკრაინიდან ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის იმპორტს უკავშირდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, 17-დან ექვსამდე შემცირდება იმ პროდუქტების სახეობები, რომლებსაც შეზღუდვები ეხებათ.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, შეზღუდვის ეტაპობრივი გაუქმება ე.წ. სოლიდარობის გზების მუშაობას გააუმჯობესებს და მოაგვარებს პრობლემებს მიმდინარე მოსავლის პერიოდში ქვეყნიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, 2 მაისს ევროკავშირმა უკრაინული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირისა და რაფსის იმპორტზე შეზღუდვები 5 ივნისამდე დააწესა, რათა შეემცირებინა მარცვლეულის ჭარბი მიწოდება ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. აღნიშნული ქვეყნების თქმით, უკრაინული მარცვლეული შიდა წარმოებას წამგებიანს ხდიდა.