ევროკავშირმა თურქეთის წინააღმდეგ შეზღუდვები შეათანხმა. როგორც ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კვიპროსთან თურქეთის არალეგალური ბურღვითი საქმიანობის გამო, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე.
ამას გარდა, ევროკავშირის საბჭომ გააუქმა ანკარასთან ასოცირების საბჭოს შეხვედრა, ასევე ევროკავშირი-თურქეთის მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში სხვა შეხვედრები. ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკომისიის შეთავაზებას, თურქეთისთვის 2020 წლისთვის გათვალისწინებული დახმარების შემცირების შესახებ. ასევე, მოუწოდა ევროპის საინვესტიციო ბანკს, გადახედოს თურქეთში თავის საკრედიტო საქმიანობას.
ევროკავშირის საბჭო ასევე მოუწოდებს ევროკომისიას, გააგრძელოს თურქეთის წინააღმდეგ სანქციების შემუშავება, თუ ანკარა თავის არალეგალურ საქმიანობას გააგრძელებს.
როგორც ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, არალეგალური ქმედებების შეჩერების შესახებ ევროკავშირის არაერთი მოწოდების მიუხედავად, თურქეთმა გააგრძელა კვიპროსის დასავლეთ ნაწილში ბურღვითი სამუშაოები და დაიწყო მეორე ბურღვითი ოპერაცია კვიპროსის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბრიუსელში ანკარას ახსენებენ, რომ ამგვარი არალეგალური ქმედებები ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახება.
„საბჭო კვლავ მოუწოდებს თურქეთს, თავი შეიკავოს ამგვარი ქმედებებისგან, იმოქმედოს კეთილმეზობლობის სულისკვეთებით და პატივი სცეს კვიპროსის სუვერენიტეტსა და მის სუვერენულ უფლებებს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირი მიესალმება კვიპროსის მთავრობის მიერ გამოთქმულ ინიციატივას თურქეთთან მოლაპარაკებების შესახებ.