ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „შავ სიას“ დაემატა რვა ცნობილი ბიზნესმენი და ორი კომპანია. ისინი სირიის რეჟიმის მხარდამჭერებად მიიჩნევიან.
„მათ საქმიანობას პირდაპირი სარგებელი მოაქვს ასადის რეჟიმისთვის, მათ შორის იმ პროექტებიდან, რომლებიც განთავსებულია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ჩამორთმეულ მიწებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამგვარად, სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ შედგენილ „შავ სიაში“ ამჟამად უკვე 277 პირი და 71 კომპანიაა შეყვანილი. მათ წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციები მოქმედებს.
ევროკავშირმა სირიის რეჟიმს თავდაპირველად სანqციები 2011 წელს დაუწესა. საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სირიის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური დარეგულირების მხარდამჭერად რჩება.