ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული იერიშების საპასუხოდ, სანქციათა რიგით მეცხრე პაკეტი მიიღო, – ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
სანქციათა მორიგი პაკეტი რუსეთისთვის ახალ საექსპორტო კონტროლსა და შეზღუდვებს აწესებს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირი გააფართოებს ექსპორტის აკრძალვას ავიაციისა და კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საქონელსა და ტექნოლოგიაზე. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან დრონების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში და ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, რომელსაც რუსეთისთვის მათი მიწოდება შეუძლია, იკრძალება.
ამასთან, სანქციები რუსეთის საბანკო და ენერგეტიკის სფეროებსაც მოიცავს. შეზღუდვები საკონსულტაციო მომსახურებასაც შეეხება. კერძოდ, დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციისთვის ევროკავშირის რეკლამის, ბაზრის კვლევისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სერვისების, ასევე პროდუქტების ტესტირებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისების მიწოდება აიკრძალა.
გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქეებს დღეიდან ეკრძალებათ რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან კონტროლირებადი იურიდიული პირის, სუბიექტისა თუ უწყების მმართველ ორგანოებში ნებისმიერი თანამდებობის დაკავება.
ეკონომიკური სანქციების პარალელურად, სანქციები ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც დაუწესდათ.
განცხადების მიხედვით, სანქციები მიზნად რუსეთსა და რუსეთის მთავრობაზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავს.