ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი ოფიციალურად დაამტკიცა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„დღევანდელი პაკეტით, ჩვენ ვაძლიერებთ შეზღუდვებს კრემლის მიერ ომის დაფინანსებაზე ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებით. ჩვენ ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს ევროკავშირში და ამით ვამცირებთ რუსეთის შემოსავლის უზარმაზარ წყაროს. ჩვენ უფრო მეტ რუსულ ძირითად ბანკს ვთიშავთ SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან. ასევე სანქციებს ვუწესებთ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეებზე პასუხისმგებელ პირებს და ვკრძალავთ დეზინფორმაციის გამავრცელებელ აქტორებს, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს პრეზიდენტ პუტინის ომის პროპაგანდას“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს შემდეგ ზომებს:

ნედლი ნავთობისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტს რუსეთიდან ევროკავშირში. რუსულ ნავთობზე უარის თქმა ეტაპობრივად მოხდება და ნედლი ნავთობის შემთხვევაში ექვსი თვიდან ვადა დასჭირდება, მხოლოდ სხვა ნავთობპროდუქტებისთვის – რვა თვემდე ვადა. დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის მილსადენებით იმპორტისთვის ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც „თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ზარალდებიან რუსეთიდან მიწოდებაზე განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო და არ აქვთ სხვა ეფექტიანი ალტერნატიული ვარიანტი“;

SWIFT-ის სისტემიდან ითიშება „სბერბანკი“, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, „როსსელხოზბანკი“ და ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი;

ევროკავშირი აჩერებს მის ტერიტორიაზე სამი რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის მაუწყებლობას – „ერტეერ“, „რასია 24“, „საერთაშორისო ტელეცენტრი“. ევროკავშირის განცხადებით, აღნიშნული სტრუქტურები რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტები უკრაინაში ინტერვენციის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის;

ევროკავშირი აფართოებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომლებთან დაკავშირებითაც მოქმედებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვები. სიაში დამატებით შევლენ როგორც რუსული, ისე ბელარუსული ორგანიზაციები. ასევე გაფართოვდება იმ პროდუქციისა და ტექნოლოგიების სია, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებას. აღნიშნულ სიაში შევა 80 დასახელების ქიმიკატი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ქიმიური იარაღის წარმოებისთვის;

ევროკავშირის აკრძალვას რუსეთისთვის საბუღალტრო, პიარ და საკონსულტაციო მომსახურებას;

შავ სიაში შეიყვანენ დამატებით პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსი სამხედროების მიერ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეებზე, ასევე იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, წამყვან ბიზნესმენებს, ოლიგარქების ოჯახის წევრებსა და კრემლის ოფიციალურ პირებს, ასევე თავდაცვით კომპანიებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მხარი დაუჭირეს, თუმცა სანქცირებულთა სიიდან ამოღებულია პატრიარქი კირილი. სანქციების სიიდან რუსეთის პატრიარქის ამოღებას უნგრეთი ითხოვდა.