ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების გადაწყვეტილებით, ე.წ. შავ სიას კიდევ შვიდი სუბიექტი დაემატება, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 2019 წლის სექტემბერში ე.წ. არჩევნების ჩატარებასთან არიან დაკავშირებული.
საუბარია ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორებსა და ცესკო-ს წევრებზე. მათ ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ და ევროპაში მათი ფინანსური აქტივები გაიყინება.
გადაწყვეტილება ევროკავშირის საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.
ამჟამად, ე.წ. შავ სიაში სულ 177 ფიზიკური პირი და 44 ორგანიზაცია არის შეყვანილი.