ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ საკითხის მიმართ ორგანიზაციის ყველა წევრს ერთიანი პოზიცია აქვს.
ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება მანამდე, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებას არ შეასრულებს. ევროკავშირის ლიდერები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სანქციების გაუქმების მიზეზი.
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს აღებულ ვალდებულებებს, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება ევროგაერთიანებისთვის წითელი ხაზებია და ორგანიზაცია კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
ევროკავშირის მთავრობის მეთაურებისა და პრეზიდენტების მიერ სანქციების მომდევნო ექვსი თვით გახანგრძლივებას დადებითად აფასებს უკრაინის პრეზიდენტი. პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ეს არის სწორი პოლიტიკური ნაბიჯი და მას რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის განხორციელების იმედი აქვს.
„ჩვენი ევროპული სახლის მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა დამოკიდებულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.