ევროკავშირმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნების უკანონო ჩატარებისთვის ხუთ პირს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში არჩევნების უკანონო ჩატარებისთვის ხუთ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„საბჭომ დაამატა ხუთი ადამიანი იმ პირტა სიას, რომელთა ქმედებები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. ეს ხუთი ადამინი იკავებს საპასუხისმგებლო თანამდებობებს ყირიმისა და სევატოპოლის საარჩევნო კომისიებში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვდნენ ყირიმის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ინა გუზეევი და მდივანი ნატალია ბეზრუჩენკო, სევასტოპოლის ე.წ. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრ პეტუხოვი და მისი მოადგილე მიროსლავ პოგორელოვი, ასევე კომისიის მდივანი ანასტასია კაპრანოვა.
ამგვარად, „შავ სიაში“ მოხვედრილ პირებს აეკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში შესვა, მათი ევროპული აქტივები კი დაყადაღდება.
მანამდე ევროკავშირის სასანქციო სიაში 150 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი იყო, რომლებსაც ყირიმის უკანონო ანექსიასთან და დონბასში ვითარების დესტაბილიზაციასთან აქვთ კავშირი.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
„უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნებისმიერი უკანონო ქმედებებისთვის სასჯელი გარდაუვალია“, – ნათქვამია პეტრო პოროშენკოს მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაში.