ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომელიც ინტერნეტში ტერორისტული შინაარსის მასალის სწრაფად დაბლოკვას ითვალისწინებს
ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომელიც ტერორისტული შინაარსის მასალის სწრაფად დაბლოკვას ითვალისწინებს. რეგულაციის მიხედვით, ახალი ტერორისტული შინაარსის დადგენისთანავე, ინტერნეტპლატფორმებს მასალის ასაღებად ერთი საათი ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტერორისტული შინაარსის მასალას პლატფორმიდან ერთ საათში არ აიღებს, ჯარიმის საფრთხის წინაშე დადგება, რაც შესაძლოა, მისი გლობალური ბრუნვის ოთხ პროცენტამდე იყოს.
ამასთან, შესაძლოა, გამონაკლისი დაიშვას საგანმანათლებლო, ჟურნალისტური, მხატვრული ან კვლევით მიზნებისთვის განთავსებულ შინაარსზე. კანონი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისებს მცირე და არაკომერციული ოპერატორებისთვის.
ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისრის, ილვა იოჰანსონის განცხადებით, ახალი რეგულაცია ტერორისტების მიერ რეკრუტირების მიზნით, ინტერნეტის ბოროტად გამოყენებას და თავდასხმების წახალისებას გაართულებს.