ევროკავშირმა კორონავირუსის საფრთხე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
„ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში დღეს განაცხადეს, რომ ევროპაში კორონავირუსით დაავადების რისკი უმაღლეს ნიშნულამდე იზრდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსი გავრცელებას აგრძელებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში „კორონავირუსზე რეაგირების ჯგუფი“ შეიქმნა, რომელიც ევროპაში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებზე იმუშავებს.
ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარ სტელა კირიაკიდესის ცნობით, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან, ვირუსი 18-ში უკვე გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 2100-ს აღწევს. „კოვიდ-19“-ით ევროკავშირის 38 მოქალაქე დაიღუპა.
ევროკავშირის მასშტაბით, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაშია დაფიქსირებული.